კვების სისტემაში ჩართული პერსონალის წარმატებული სწავლება და HACCP- ის სტანდარტი პროგრესში
ჩვენს სამზარეულოში მომუშავე პერსონალს ,,საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების“ დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცა.
ჩვენი პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 1 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობა HACCP-ის დანერგვისთვის საჭირო პროცედურები და შესაბამისი სწავლება.
დღეს ჩვენს გუნდს აქვს უნარი განახორციელოს:
- საწარმოში ყველა პოტენციური საფრთხის გაანალიზება და ანალიზის ჩატარება;
- სურსათის წარმოების თითოეულ ეტაპზე პოტენციური საფრთხეებისა და კონტროლის მეთოდების განსაზღვრა;
- კრიტიკული საკონტროლო წერტილების მართვა და მონიტორინგი;
- პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩანაწერების წარმოება, ჩანაწერების დაცვა და პასუხისმგებლობა;
- საჭიროების შემთხვევაში პროცესის გაანალიზება, მაქსიმალური და მინიმალური ზღვრების დადგენა და მართვა.
- HACCP-ის პრინციპების პრაქტიკული გამოყენება.
ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ,,ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი“-ს ხელმძღვანელობამ შექმნა ყველა წინაპირობა უვნებელი სურსათის წარმოებისათვის, დანერგა სანიმუშო ჰიგიენა (GHP) და კარგი საწარმოო (GMP) პრაქტიკა.
HACCP-ის ჯგუფის მიერ მოხდა საფრთხეების იდენტიფიკაცია, ანალიზი, დადგინდა სურსათის უვნებლობისთვის კრიტიკული საკონტროლო წერტილები და შემუშავებული იქნა მათი აღრიცხვის, სათანადო კონტროლის უზრუნველყოფის გეგმა, HACCP-ის გეგმის შესაბამისად, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა საერთაშორისოდ აღიარებულ Codex Alimentarius-ს - სურსათის წარმოებისა და უვნებლობის სფეროში სტანდარტების, ნორმების, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების კრებულს.
გეგმა, აგრეთვე, ითვალისწინებს საქართველოში მოქმედ რიგ ნორმატიულ აქტებს, რომლებშიც მოცემულია სურსათის ბიზნესოპერატორის მიერ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვასთან დაკავშირებული ვალდებულება.